პარტია „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას სრულად იზიარებს.
მისი შეფასებით, ყველაზე მიზანშეწონილი, აუცილებელი, თამამი და სასურველი ნაბიჯი იქნება ამერიკის სამხედრო ბაზების სასწრაფო განლაგება საქართველოში, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, ხოლო ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
„სრულიად ვიზიარებ გენერალ ჰოჯესის ამ მოსაზრებას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე გამოცემა experti.ge-სთან.
მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტსაც აფასებს და ზახს უსვამს, რომ ანაკლიის პროექტის გაცოცხლება და განხორციელება, სასიცოცხლოდ მინიშვნელოვანია.
„ოცდაათი წელიწადია, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკამ ამ ათწლეულების მანძილზე, ჩვენს ქვეყანას უდიდესი ფინანსური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა. ამასთან, უმთავრეს მიმართულებად სწორედ დემოკრატიის განვითარება მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ეს პარტნიორობა შესუსტდა ოფიციალური თბილისის მხრიდან, მაგრამ ვაშინგტონის პოზიციები კვლავინდებურად მტკიცეა, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რის შესახებაც, თბილისში ვიზიტის პირველივე დღეს განაცხადა მაიკ პომპეომ.
ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ, ვითარება რეგიონში რადიკალურად შეიცვალა მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების შედეგად. გაიზარდა რუსი სამხედროების რიცხვი რეგიონში, ამით დიდწილად დაირღვა ძალთა ბალანსი.
ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და წინაპირობა სახელმწიფო მდივნის ვიზიტისა. მეორე მიზანი კი უდავოდ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს „ვერმიტაცების“ ამოცანაა.
„ევროპათაიმთან“ ინტერვიუში ჰოჯესმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ, საქართველოში, ინფრასტრუქტურასა და როტაციულ ძალებს გაზრდიდა.