"შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს", - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან საპარლამენტო არჩევნების შეფასება მოესმინა.
„შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით... ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტია "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რათა შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს.
"გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, არც წინა დიალოგის და არც ამ შეხვედრის დეტალებს. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად და გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.