რუსული ოკუპაციის საპასუხოდ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ - პომპეო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რუსულ ოკუპაციასთან ერთად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მოხარული ვარ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის გამო, სადაც სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ საქართველოში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რუსული ოკუპაციის საპასუხოდ", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია, 18 ნოემბერს კი შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პატრიარქთან და არასამთავრობო სექტორთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისი მოადგილე, რომელიც საქართველოში დარჩა, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.