ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ვაშინგტონის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს ვაშინგტონის დეკლარაციას ორმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პრინციპების შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი აცხადებენ, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის დამყარების მიზნით მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობისთვის მზად არიან.

"ჩვენი ურთიერთობის საფუძველია დემოკრატიული პრინციპების, ღირებულებებისა და ინსტიტუტების ერთგულების ერთობლივი ვალდებულება. ერთად, ჩვენ დავიცავთ კანონის უზენაესობას, ხელს შევუწყობთ გამჭვირვალობას და ეფექტურ მმართველობას და ხელს შევუწყობთ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ დავიცავთ ყველა პიროვნების უფლებებსა და ღირსებას და შევეწინააღმდეგებით უსამართლობასა და უთანასწორობას, სადაც არ უნდა მოხდეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტში წერია, ქვეყნების ლიდერები იღებენ ვალდებულებას, "დაიცვან ღია სამყარო".

"გერმანიის გაერთიანებიდან სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას დაუღალავად ევროპისთვის, რომელიც არის ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. NATO დარჩება ამ ძალისხმევის ქვაკუთხედი. ჩვენ ჩვენს თავზე ღია სამყაროს თავდაცვას ვიღებთ. მთელ მსოფლიოში, ყველა ერმა თავისუფლად უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკური მომავალი, საზღვარგარეთიდან ჩარევის, საგარეო ძალების იძულების ან ბატონობის გარეშე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ალიანსებსა და პარტნიორულ ურთიერთობებზე დამყარების აუცილებლობას, რათა გადავწყვიტოთ მომავალი გამოწვევები, მათ შორის კიბერსაფრთხეები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, დეზინფორმაცია, კორუფცია, დემოკრატიული დათმობები და არჩევნებში ჩარევა.

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ განვითარებადი ტექნოლოგიების მარეგულირებელი წესები, ნორმები და სტანდარტები მიმართული იყოს თავისუფლებისკენ და არა რეპრესიებისკენ. რადგან ტექნოლოგია აყალიბებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას, ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას და ჩვენს გეოპოლიტიკურ გარემოს, ეს უნდა ასახავდეს ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს... სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან მოქალაქეების უფლებები და ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენებას და გავრცელებას, ადამიანების უფლებების არასათანადოდ შეზღუდვის მიზნით.

ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიყოთ ერთად გამოწვევების გლობალური გადაწყვეტის შემუშავების პროცესში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ გადაუდებელი ზომები კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად, კერძოდ, კლიმატისა და ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყების გზით. , - აღნიშნულია დოკუმენტში.

ჯო ბაიდენი ანგელა მერკელზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა

ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან წინ რუსეთის აგრესიას