ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწამს, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გამართული მუშაობის შეფერხების ეს მიზანმიმართული მცდელობა, წარუმატებელია.
„მსურს გავიხსენო ევროპარლამენტის წინასწარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების, ექსპერტთა ძირითადი ჯგუფისა და ეუთო / ოდირ– ის მიერ გამოგზავნილი გრძელვადიანი დამკვირვებლების დასკვნებთან შესაბამისობაშია და რომლის მიხედვითაც, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ეს არჩევნები კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო. დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა, რომლების განხილვაც უნდა მოხდეს. საარჩევნო კომისიაში შეტანილი ყველა დასაბუთებული საჩივრისა და განაცხადის განხილვა სამართლიანად, სრულყოფილად და საგულდაგულოდ უნდა მოხდეს, კანონისა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.
ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან პირველი ტურის შედეგებით, აპირებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურს და უარი თქვან პარლამენტში საკუთარ მანდატებზე. ღრმად მწამს, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გამართული მუშაობის შეფერხების ეს მიზანმიმართული მცდელობა წარუმატებელია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და პარლამენტში საკუთარი მანდატები მიიღონ, რათა პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულად გამოხატულ სურვილს.
მე გულწრფელად მივესალმები ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ეგიდით, დაძაბულობის განსამუხტად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობა არის გზა სტაბილურობისკენ და მოუთმენლად ველი ახალ პარლამენტთან მომავალ თანამშრომლობას”, - წერს ევროპარლამენტარი.