„ის, რაც ახლა ხდება არის, ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, როგორ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება“.
ელჩმა აღნიშნა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას და დიალოგი საუკეთესო გზაა.
„როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვამჯობინებთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა დიალოგის გზით აღმოვფხვრათ და ეს არის რისკენაც მივისწრაფვით. დიდწილად დიალოგი არის ის საშუალება, რომლითაც უნდა გადაწყდეს საკითხები გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოველგვარი სპეკულაციები, სანქციები და ა.შ. ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება.