პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
,,18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის,დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.