სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის

საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ამ წუთებშიც ხვდება.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მადლობა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ამაში მონაწილეობისთვის.

საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის. გზავნილი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად უცვლელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

ის ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას". კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება