შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადეს, განხილვის ერთ - ერთი მთავარი თემა სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება და ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნით აღნიშნული შეთანხმება ირღვევა.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ელის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გზავნილები ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იქნება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გარდა იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა 6 მოსამართლე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ვერც პროფესიონალიზმთან და ვერც კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა ისევ საქართველოში და ცდილობს, კიდევ ერთხელ დაეხმაროს ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სპექტრს, რომ ეს სიტუაცია, რაც საქართველოში კრიზისის მერე ჩამოყალიბდა, დაუბრუნდეს კიდევ ერთხელ ნორმალურ კალაპოტს და ამისთვის, მას, რა თქმა უნდა, მადლობა. ჩემი მთავარი გზავნილი და სათქმელი არის დაკავშირებული შეთანხმების შესრულების იმ ნაწილთან, რომელიც უკავშირდება სასამართლოს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა 6 მოსამართლე, რომელიც, ჩემი აზრით, ვერ აკმაყოფილებს ვერც პროფესიონალიზმისა და ვერც კეთილსინდისიერების კროტერიუმს, გარდა იმისა, რომ ეს დანიშვნა, ჩემი აზრით, ასევე, ეწინააღმდეგებოდა შარლ მიშელის შეთანხმებას. ამ საკითხზე ვაპირებ მე პირადად მასთან საუბარს. იცით, რომ მე ვესწრებოდი გასაუბრებებს და ვიცი, ამ ადამიანების ბიოგრაფია და მინდა მას დეტალურად გავაცნო ამის შესახებ. მე ველი, რომ ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იქნება მისი გზავნილები სასამართლოსთან მიმართებით. მე არ ვიცი, ამას რამდენად მოჰყვება სანქციები და ტრანშების შეჩერება, მაგრამ ეს თუ ასე იქნება, ეს იქნება ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ამ ყველაფრით დაზარალდება ქვეყანა, დაზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები და არა ის მოსამართლეები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა სასამართლოში. ამიტომ ჩემი სურვილი არ არის, რომ დაზარალდეს ქვეყანა, ჩემი სურვილია რეფორმა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, დასრულდეს წარმატებით,“ - განაცხადა იოსელიანმა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შარლ მიშელისა და ევროპული საბჭოს სრული ჩართულობა იმისთვის, რომ ,,პროცესი შემოტრიალდეს" და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია. ამაზე მექნება მსჯელობა. ის ერთი მხრივ, ძალადობს არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ საკუთარ მოქალაქეებზე და მეორე მხრივ, არ ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმების ნაკისრ ვალდებულებებს. შარლ მიშელის დოკუმენტი ეს არის საქართველოს ევროპისკენ გზა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის და ევროპული საბჭოს სრული ჩართულობა იმისთვის, რომ შემოვატრიალოთ პროცესი და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით. ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არჩევენას და ინტერესს, პირდაპირ მიზანმიმართულად აფერხებს ევროპისკენ ინტეგრაციის პროცესს“ , - განაცხადა ვაშაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბევრი უნდა ისაუბრონ იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ მიშელის მედიაციით შედგა.

„ბევრი სასაუბრო გვაქვს იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შედგა. ვისაუბრებთ მისი განხორციელების პროცესზე , იმაზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ. ასევე საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ვისაუბრებთ პრეზიდენტ მიშელთან და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მოკლე პერიოდში ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობს პირი ქვეყანაში მესამედ იმყოფება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრაზე მისი პარტიის ერთ-ერთი გზავნილი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა „ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას ევროატკლანტიკურ კურსზე“.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე გვექნება მნიშვნელოვანი გზავნილები, პირველ რიგში, ეს შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას ორი მიმართულებით - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხის და მოსამართლეების დანიშვნის მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ეს შეთანხმება და ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს შეთანხმება დარღვეულიყო. კიდევ ერთი საკითხია საქართველოს მომავალი, დემოკრატიული უკუსვლა - ქვეყნის საგარეო კურსი აშფოთებს ევროპელ მეგობრებს. უკვე ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ღირებულებებზე და ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც ამ ქვეყანაში მრავალი თაობის მონაპოვარია. ამიტომ თავდასხმა ჟურნალისტებზე და უმცირესობებზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრემიერ - მინისტრის მხრიდან უპასუხისმგებლობა - ეს იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები პრეზიდენტ მიშელთა. ჩვენ ასევე, გავახმოვანებთ ყველა ჟურნალისტის პოზიციას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, მიშელთან შეხვედრისას ისაუბრებს იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობა ეხება.

„19 აპრილის შეთანხმების მთავარი მიზანი და სულისკვეთება, როგორც ამ შეთანხმების პრეამბულა გვეუბნება ნათლად და ცალსახად, არის პოლარიზაციის დასრულება და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება. ამ შეთანხმებიდან ზუსტად სამი თვის თავზე სამწუხაროდ ვხედავთ, რომ პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ხარისხი არ არის შემცირებული. უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ასევ ვნახეთ, რომ უმნიშვნელოვანესი პუნქტების იმ ნაწილში, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას ეხება და რომელიც ეროვნული მნიშვნელობის, ზეპარტიული საკითხია, შეთანხმება არ სრულდება. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამაზე მოხდება აქცენტების დასმა. დანარჩენს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ვისაუბრებ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

ის ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას". კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება