ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს, სადაც დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მისვლისას პრემიერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მას მიმართეს კითხვით, როდის აპირებდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას.

ინფორმაციისთვის, შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

ის ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას". კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება