ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
„დღეს ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვედრას ევროკავშირთა ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფოების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება.
ჩემი მთავარი მესიჯი, გზავნილი ყველა პოლიტიკურ პარტიისადმი საქართველოში არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისათვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. ქვეყნის ინტერესებიდან და მოსახლეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მიშელმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.