საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
ღარიბაშვილის თქმით, მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თაანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.
ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად სიტუაციის დამშვიდებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ესაუბრა.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. ასევე პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის.
ამასთან, მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და რომ გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული, მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.