ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი წამყვანია, რის გამოც 2020 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული პროგრამის ამოქმედება სწორი ნაბიჯი იყო.
„საკმაოდ დიდი ნაწილია ათვისებული. დინამიურია, დაახლოებით 60%-ზე მეტი იყო, თუ არ მეშლება. გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამით საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით ამ სექტორს. თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ამ სექტორში ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ლომის წილი ამ პროგრამასაც ეუთვნის. მგონია, რომ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც 2020-ში გვქონდა, სწორად მოვიქეცით. იმიტომ, რომ ეს სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი წამყვანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, შესაბამისად ეს იყო სწორი ნაბიჯი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.