აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემასა და ამ თემაზე რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან გამართულ საუბარს იხსენებს.
„G20-ის სამიტზე „ბრიქსის“ ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე უფრო მედვედევთან შეხვედრა მაინტერესებდა. აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებულად დაბალ ნიშნულზე იყო. გასულ ზაფხულს, მედვედევის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში რუსეთი მეზობელ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რითაც ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვია“, - წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი.
ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა პუტინის მზარდი გაბედულობისა და აგრესიულობის ნიშანი იყო.
„ეს იმის ნიშანი იყო, რომ პუტინს შემაშფოთებლად არ სურდა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მას ეს შერჩა: დიპლომატიური კონტაქტების შეჩერების გარდა, ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ კი მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო, რამაც რუსეთის იზოლირების დაგვიანებული მცდელობები წარუმატებელი გახადა. ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ დაწყებას იმედოვნებდა, რათა დიალოგი დაგვეწყო ჩვენი ინტერესების დასაცავად, რეგიონში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიზნებისთვის თანამშრომლობის მისაღებად. ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ მედვედევს პირადად შევხვდებოდი სამიტის წინა დღეს“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა თავის მემუარებში.
როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, 2009 წელს, G20-ის სამიტზე დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციის საკითხის განხილვით დაიწყო.
„როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევი მოვლენების ოფიციალურ ვერსიას ჩაეჭიდა. მან საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა კრიზისის გამწვავებაში და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ძალადობისგან დასაცავად მოქმედებდა. მან უარყო ჩემი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში აშშ-ის ძალებისგან განსხვავებით, რუსულ ძალებს, როგორც განმათავისუფლებლებს მიესალმნენ. ამ ყველაფრის გაგონებაზე საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვები გამახსენდა, რომ „ტყუილი არა მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია, არამედ სახელმწიფოს საყრდენი გახდა“. მედვედევს განცხადებაში გარკვეული ირონიული განკერძოებულობა შევატყვე, თითქოს უნდოდა მცოდნოდა, რომ მას ნამდვილად არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა“, - იხსენებს ბარაკ ობამა.