კელი დეგნანმა მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა

„ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საერთო დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობას. ეს ღირებულებები: დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ქმნის“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა.

„სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა, რათა დაეფიქსირებინა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს არჩევანისადმი, გააღრმავოს ევროატლანტიკური კავშირები; რათა ხელახლა დაადასტუროს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, რუსული აგრესიის პირისპირ.

სახელმწიფო მდივანი ასევე მხარს უჭერს საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებას, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯების გადადგმას, რაც უკავშირდება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ნაყოფიერი შეხვედრების დროს განიხილა რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე, ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, დღესაც ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელობის როლს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თავისი ვიზიტი დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან დისკუსიით იმაზე, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამართლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში.

სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისაგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი, რათა ასრულდეს მათი ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე.

მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისათვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ. გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც ასე ნათლად გამოვლინდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.