თამარ გაბუნია: ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 4 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 4 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

"დელტა" შტამი ცირკულირებს და ექსპერტების შეფასებით, "დელტა" შტამის გავრცელების სისწრაფე უფრო მაღალია. სავარაუდოდ, ჩვენს შემთხვევაშიც ამან განაპირობა ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება.

ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 4000-მდე ბავშვი დაინფიცირდა. საბედნიეროდ, შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა. თუმცა, ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. საუბედუროდ, ახალშობილებში გარდაცვალების 2 შემთხვევაც დაფიქსირდა.

დღეს, ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული ბავშვებისთვის. საერთო საწოლფონდი არის დაახლოებით, 6 000-მდე. ეს არის მცირე რაოდენობა. უფრო ნაკლები საწოლი გვქონდა, ახლა დავამატეთ. წინა ტალღების პერიოდში არ იყო დატვირთული ბავშვების საწოლები. ახლა ეს სურათი შეიცვალა. რა საწოლებიც ჩვენ დავამატეთ, იმ საწოლების 20%-ია მხოლოდ თავისუფალი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ბავშვების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ვაქცინაცია.

"ბავშვების დაცვისთვის ისევ და ისევ მივდივართ ოჯახის წევრების სწრაფ ვაქცინაციაზე, რომ ბავშვი არ გახდეს ინფექციის მიმღები. რთულია იმის პროგნოზირება, რამდენად მარტივი იქნება ბავშვისთვის ვირუსის გადატანა", - განაცხადა გაბუნიამ.

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით

საქართველოში კორონავირუსი 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია