ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ბელარუსის ოპოზიციონერ ლიდერს სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა.
როგორც ცნობილია, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების გამო, თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით.
შეხვედრაზე, ჯაიკ სალივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნა, Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით სამართლიანი და საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ. გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებით, ლუკაშენკომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს სრულფასოვანი, გულწრფელი დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი ეუთოს მეთვალყურეობის ქვეშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რომელზედაც აშშ-ის ხელისუფლებას ლუკაშენკოს რეჟიმის და ბელარუსის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა