ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მზადება სანქციების ახალ რაუნდზე, რომელიც ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ბრიუსელში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიები ადამიანების წინააღმდეგ არ წყდება. ჩვენ სასანქციო სიაში უკვე შევიყვანეთ 50-ზე მეტი ადამიანი სანქციების ორი რაუნდის შედეგად და დღეს ჩვენ მოვილაპარაკეთ დავიწყოთ მზადება სანქციების ახალი რაუნდისთვის“, - განაცხადა ბორელიმ.
მისი თქმით, ამჯერად, სანქციები შეეხება არა მხოლოდ ცალკეულ პირებს, არამედ ინსტიტუტებსა და კომპანიებს.
ბორელიმ დასძინა, რომ ლუკაშენკო არ მიდის საზოგადოებასთან კონსტრუქციულ დიალოგზე და ბელარუსში ვითარება ბოლო დროს მხოლოდ უარესდება.