ჯო ბაიდენი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერება შეუძლებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა 99%-ით დასრულებულია და მისი განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" 99%-ით არის დასრულებული. მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რამის თქმა ან გაკეთება მისი შეჩერების მიზნით, შეუძლებელია.

მე ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ანგელა მერკელთან. გერმანიის მთავრობა ვალდებულებების საკითხზე მუშაობს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ თუ რუსეთი უკრაინას და სხვა ქვეყნებს ზიანს მიაყენებს, გერმანიის ხელისუფლება ამას უპასუხებს", - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-მა და გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს.

აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

ნულანდის თქმით, ვაშინგტონი და ბერლინი 21 ივლისს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ გაზსადენის შესახებ.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს