ჩინეთში ახალი რეალობაა, ხალხს შესაძლებლობა აქვს, ვაქცინა შავ ბაზარზე შეიძინოს. ამის შესახებ სტატია New York Times-მა მოამზადა.
მოსახლეობა საათობით დგას რიგში ვაქცინის მისაღებად. გადამყიდველების წყალობით, ისინი პრეპარატს ყიდულობენ. ფარმაცევტულ კომპანიებთან დაახლოებული პირისგან შესაძლებელია ერთი ინექციის შეძენა $600-დან $1500-მდე.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა საბოლოოდ არ არის შემოწმებული, მოსახლეობა მაინც ყიდულობს პრეპარატს“, - წერს NY Times-ი. ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან ორმა უკვე განაცხადა საკუთარი პრეპარატის შესახებ და მათივე თქმით, ვაქცინა 90%-თ წარმატებულია, თუმცა წამლის ხელმისაწვდომობა და ხალხის თანხმობა ინექციაზე საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ქვეყნის ვაქცინების ოთხი კანდიდატიდან სამმა მიაღწია მესამე ფაზას. საცდელი პერიოდები ჯერ არ დასრულებულა - მიუხედავად ამისა, პეკინი მოითხოვს პრეპარატის სწრაფ გამოშვებას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთში დღეს 12 იმპორტირებული შემთხვევა გამოვლინდა. ზოგიერთი ცნობით, ჩინეთი, სადაც ინფექციამ პირველად იფეთქა, მონაცემებს მალავს. მედიამ რამდენიმე დღის წინ ისიც დაწერა, რომ ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს და მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ ედება. მან გაავრცელა ცნობები ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც.