სომხეთის მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ვებგვერდზე ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. სომხური მედიის ცნობით, ახალი კონსტიტუციის პროექტში დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე საუბარი არ არის.
მათივე ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში საუბარია სომეხთა გენოციდზე. კერძოდ, დეკლარაციის მე-11 პუნქტში ნათქვამია, რომ „სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის თურქეთსა და დასავლეთ სომხეთში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას.“
„სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ სომხეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტი სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით. ვებგვერდი შეიქმნა იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად მოსახერხებლად შეეძლოს ახალი კონსტიტუციის პროექტის გაცნობა და წინადადებების წარდგენა.ეს თქვენი კონსტიტუციაა“, - დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტით შენარჩუნებულია მმართველობის საპარლამენტო ფორმა.
სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან დაკავშირებული დებულება უცვლელი დარჩა.