შს მინისტრი აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეები „მაქსიმალურად უნდა დაისაჯონ, რათა ხვალ იგივე არ განმეორდეს“. ამ საკითხზე ვახტანგ გომელაურმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 27 ადამიანია დაკავებული, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს ჩემთვისაც მიუღებელია და რა თქმა უნდა ვგმობ. აქედან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ადამიანი დაისაჯოს, იყო ეს ორგანიზატორი თუ ის, ვინც მოუწოდებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს.
ვმუშაობთ, რომ სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა სხვამ აღარც გაბედოს და აღარც კი გაიფრიქროს მსგავსი რამ. ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია თავისუფალი მედია და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, 27 წელია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არც 90-იანი წლების მიტინგებზე მახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინოთ. ეს იყო კატასტროფა და ძალიან მძიმე ყველასთვის“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.