დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
უძველეს და ყველაზე პოპულარულ სპორტულ შეჯიბრებებში 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ეს იქნება მე-2 შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, პირველად ამის პატივი ტოკიოს 1964 წელს ერგო.
ოლიმპიადა 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება, ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, თუმცა COVID-19-ის გამო დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ტოკიო 2020-ზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი ათლეტით იქნება წარმოდგენილი. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელით ჩოგბურთის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს.
ოლიმპიური თამაშების ამ სპორტის სახეობაში შეჯიბრება 24 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება.
24 ივლისს, ოლიმპიური თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოდან იასპარეზებს ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი.
ტოკიო 2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 35 სპორტსმენი წარადგენს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს