Time of Israel-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, კვიპროსსა და თურქეთში მოგზაურობას უკრძალავს.
როგორც გამოცემა, წერს, ეს ქვეყნები იმ ქვეყნების რიგ შეუერთდნენ, სადაც მოგზაურობა აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ ისრაელმა საქართველო ე.წ. ,,წითელ სიაში” 22 ივლისს გადაიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული.
Newsru.co.il-ი წერს, რომ აკრძალვა 30 ივლისიდან ამოქმედდება. ისრაელის ის ვაქცინირებული მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შეძლებენ საკარანტინო პირობების გარეშე ქვეყანაში შესვლას, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ვაქცინის ორივე დოზა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მოხვდებიან 7-დღიან კარანტინში, მეშვიდე დღეს ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში კი, დატოვებენ საკარანტინე სივრცეს.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება.
„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
Time of Israel ცნობით, მოგზაურობის კუთხით, ისრაელის მოქალაქეებში განსაკუთრებული პოპულარობით თურქეთი და კვიპროსი სარგებლობენ.