ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

ASSOCIATED PRESS- ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ავღანეთის ხელისუფლება, რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის ყანდაარში, იერიშზე გადასულ თალიბებს ებრძვის.

როგორც აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, საჰაერო დარტყმები გამოხატავს ამერიკის განზრახვას, გააგრძელოს ავღანური ძალების მხარდაჭერა ქვეყნის მიღმა ბაზირებული საბრძოლო თვითმფრინავებით. ეს მინიმუმ იქამდე მოხდება, ვიდრე გეგმის მიხედვით 31 აგვისტოს, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად არ დატოვებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკას ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთის მახლობლად, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თვითფრინავები ჰყავს განთავსებული. მათ შორისაა, რეგიონში მდებარე ავიამზიდებზე განლაგებული სამხედრო თვითმფრინავები და სპარსეთის ყურეში განლაგებული ბომბდამშენები.

პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბმა ყანდაარის რეგიონში განხორციელებულ საჰაერო დარტყმების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-მ ავღანეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად იმოქმედა.

"მაგრამ, ამ საჰაერო დარტყმის ტექნიკურ დეტალებში არ შევალ“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ASSOCIATED PRESS-ი წერს, რომ თავდაცვის უწყების სპიკერის კომენტარის შემდეგ, პენტაგონის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად ამერიკამ ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა. დარტყმის მიზანი სამხედრო ტექნიკის განადგურება იყო, მათ შორის საარტილერიო დანადგარისა და ავტომობილის, რომლებიც თალიბებმა ავღანეთის ძალებისგან წაიღეს - აცხადებს ოფიციალური წარმომადგენელი.

პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ავღანელი ხალხის მომავალი მათ ხელშია.

„ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს აქვს შესაძლებლობა, იბრძოლონ და დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას, სადაც ეს აუცილებელი იქნება, პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის მითითების შესაბამისად“ - განაცხადა მილიმ.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისთვის შტატებმა ბაგრამის ავიაბაზა უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა