მედია: შესაძლოა, აშშ-მა ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესოს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბელარუსისთვის მორიგი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პირებსა და ბელარუსის ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკებების მონაწილეებზე დაყრდნობით The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ახალი სანქციები შეავსებს აშშ-ის მიერ ამ წლის დასაწყისში დაწესებულ ჯარიმებს და ლუკაშენკას შემდგომ იზოლირებას შეეცდება. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ტიხანოვსკაია მოითხოვდა სანქციების რეჟიმის გამკაცრებას.

"ასეთი ნაბიჯის მიზანი, შესაძლოა, ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დამატებითი იზოლაცია იყოს", - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ამასთან, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის მრჩევლის, ფრანაგ ვიაჩორკას თქმით, სანქციები, სავარაუდოდ ნავთობპროდუქტებსა და კალიუმთან იქნება დაკავშირებული, და ამან, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედოს.

20 ივლისს ჯეიკ სალივანი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ამასთანავე, აშშ-ში ვიზიტით მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

21 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრების ძალისხმევას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით.