არავითარი ქართული შტამი არ არის - ამირან გამყრელიძე საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულების ინფიცირებაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა.

„არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.

„გვაქვს „დელტა +“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ 40-50%-მდე ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა „დელტამ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „დელტა+“ შტამიც ადვილად ვრცელდება.

„ყველა კორონავირუსის შემთხვევის ნახევარი „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორის, ე.წ. „დელტა+“ შტამიცაა დადასტურებული, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაც დადასტურდა. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა. გვაქვს PCR-ის ნაკრები, რომელიც „დელტასაც“ იჭერს ცალკე, თუმცა, ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. მსოფლიო ბაზაშიცაა ეს მონაცემი უკვე მეორე კვირა ატვირთული, რომ საქართველოში „დელტა +“ შტამი დაფიქსირებულია. ისევე როგორც „დელტა“, „დელტა+“-იც სწრაფად ვრცელდება ანუ ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს კორონავირუსის „დელტა პლუს“ შტამი დაუდასტურდათ