საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილეს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნისთვის. იგულისხმება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ძალადობის ფაქტები; შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირის მედიაციით მივაღწიეთ. რიკ დემსი ამ საკითხებზე ინფორმირებულია და ის აპირებს, თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების პირობებშიც, მაგრამ აუცილებელია, იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, წნეხი ჩვენი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, სრულად განხორციელდეს“, - განაცხადა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საუბარი სასამართლო რეფორმის საკითხებს და 19 აპრილის შეთანხმების მიმდინარეობას შეეხო.
„ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. საუბარი შეეხებოდა სასამართლოს რეფორმას და რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ცალკე ხვდება.
„ჩვენი მთავარი გზავნილია პირველ რიგში ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ვითარება, რომელშიც არის ქვეყანა. ეს ეხება მედიის თავისუფლებას, ძალადობას, აგრესიას, კანონის უზენაესობას და წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, რასაც ხელს უწყობს მმართველი გუნდი. შეთანხმების დარღვევაა, როცა „ქართული ოცნება„ მოსამართლეებს ნიშნავს,” - განაცხადა დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
რიკ დემსმა უკვე გამართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობასაც შეხვდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რიკ დემსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებსაც შეხვდება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს