ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობაზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი სურვილია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია სამომავლოდ, კიდევ უფრო აქტიური გახდეს. ეს დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ამ პროცესში საქართველოს პოტენციურ როლზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპაციის საკითხზე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უშუალო დაკვირვების ქვეშ იყოს ის პროცესები რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციაზე და მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე რიკ დემსმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნისთვის. იგულისხმება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ძალადობის ფაქტები; შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირის მედიაციით მივაღწიეთ. რიკ დემსი ამ საკითხებზე ინფორმირებულია და ის აპირებს, თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების პირობებშიც, მაგრამ აუცილებელია, იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, წნეხი ჩვენი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, სრულად განხორციელდეს“, - განაცხადა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საუბარი სასამართლო რეფორმის საკითხებს და 19 აპრილის შეთანხმების მიმდინარეობას შეეხო.
„ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. საუბარი შეეხებოდა სასამართლოს რეფორმას და რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ცალკე ხვდება.
„ჩვენი მთავარი გზავნილია პირველ რიგში ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ვითარება, რომელშიც არის ქვეყანა. ეს ეხება მედიის თავისუფლებას, ძალადობას, აგრესიას, კანონის უზენაესობას და წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, რასაც ხელს უწყობს მმართველი გუნდი. შეთანხმების დარღვევაა, როცა „ქართული ოცნება“ მოსამართლეებს ნიშნავს,” - განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
რიკ დემსი თბილისში შეხვედრებს მართავს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს