თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულია მედიაზე თავდასხმის ფაქტებით.
„საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის „მსხვერპლი“. თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია, რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს გაცხადებაა. ამიტომ, თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, - წერს დავით ნარიმანიშვილი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, დავით ნარიმანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა.