აშშ-მა საქართველოს ენერგოსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად 5 წლიანი პროგრამის შესახებ გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც $17,5 მლნ-ია

აშშ-მა საქართველოში ახალი ხუთწლიანი პროგრამის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. მისი ბიუჯეტი 17,5 მილიონი დოლარია. “მოხარული ვართ განვაცხადოთ ახალი 5 წლიანი პროგრამის შესხებ ქართველი ხალხის ენერგოუსაფრთხოების გასამტკიცებლად. როგორც ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, ეს ინიციატივა დაეხმარება ქართულ ოჯახებს, ბიზნესებსა და თემებს სტაბილური, მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის მიღებაში.

ამ პროგრამით ხელს შევუწყობთ საქართველოს, გააძლიეროს მედეგობა მავნე გავლენების წინააღმდეგ, მათ შორის იმპორტირებულ ენერგიაზე ზედმეტი დამოკიდებულებისა და ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიმართული კიბერშეტევების წინააღმდეგ. ამასთანავე, USAID-ის აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს, გააღრმავოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და გახადოს ქვეყნის ენერგოსექტორი უფრო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და კერძო ინვესტორებისთვის მიმზიდველი", - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

USAID-ის ენერგეტიკული პროექტის პრეზენტაციას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც დაესწრო. მან განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის დახმარებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, 5 წლიანი პროგრამა იწყება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკული მომავლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეწოდება.

„აშშ-ის მთავრობა, ტრადიციულად, გვეხმარება ენერგეტიკული რეფორმის გატარებასა და ქართული ენერგეტიკის განვითარებაში. ჩვენი რეფორმების, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გავხადოთ სრულად დამოუკიდებელი, ძლიერი, დაყრდნობილი საკუთარ რესურსზე და ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, რაშიც ჩვენი ამერიკელი მეგობრები დაგვეხმარებიან “, - განაცხადა ნათია თურნავამ.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში წარმოადგენს 5 წლიან პროექტს, რომლის ბიუჯეტი 15, 7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება - ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები და განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის. „ცხადია, უნდა გვქონდეს აქტიური ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვაპირებთ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დასაკავშირებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი წყაროები უნდა გვქონდეს და ვიყოთ ძალიან ძლიერები ამ თვალსაზრისით.

ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის არის ადგილობრივი ენერგიის წყაროებზე დაყრდნობილი ახალი სადგურების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენი ქსელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახთან ხარისხიანად, გამართულად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე მივიტანოთ ელექტროენერგია და ამისთვის ჩვენი ქსელებიც განვითარდეს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

USAID-ის ენერგეტიკული პროექტი საქართველოს ეხმარება ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს უწყობს სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზარის ჩამოყალიბებას.