აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და ამ პროცესს სამწუხაროს უწოდებს.
,,ეს მართლაც სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ხელს უწყობდა კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ინკლუზიურობას და თანაბარი თამაშის წესების უზრუნველყოფას. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია დაშორდა ამ ყველაფერს", - წერს კარპენტერი Twitter-ზე.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.