,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი ეხმაურება და აცხადებს, რომ განვითარებული პოლიტიკური პროცესი ,,ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის". ამის შესახებ მან ,,ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.
"შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახლა ამერიკაშია და ცდილობს, მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს. ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის", – განაცხადა იალოვიცმა.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით