ვიოლა ფონ კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე სასაუბროდ გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ,,საქართველოსთვის" წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ,,ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარი კრამონი საქართველოშია

ვიოლა ფონ კრამონი: ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ინიციატორია