ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაწყებულია კონსულტაციები პოლიტიკურ აქტორებთან, ამის მაგალითად მან პრეზიდენტთან გუშინ გამართული შეხვედრა მოიყვანა.
შარლ მიშელის თქმით, შეთანხმება კვლავ გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის.
„ცნობად მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება კვლავ გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. თანაბრად მივიღე ცნობად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობასა და სამუშაო ადგილების ზრდას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის.
სიღრმისეულ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებსა და თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად“, - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა.
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს