Europetime-მა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. უსაფრთხოების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება საქართველოს, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმების მისაღწევად, რომლებიც სარგებელს მოუტანს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური გზისკენ სწრაფვაში; ამიტომაც შეიტანა საქართველომ ამ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანას, მომემზადოს NATO-ს წევრობისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, - განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ Europetime-ს.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა.
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით