Europetime-მა საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ექსკლუზიურად ჩაწერა. დიპლომატმა 19 აპრილის შეთანხმების დატოვებაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შეაფასა.
დიეგო კოლასის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.
„დიდად არ ვარ დაინტერესებული, მომდევნო ადგილობრივი არჩევნების შედეგების სპეკულირებით, ან იმის განხილვით, თუ რა რეზულტატი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ შედეგს ამ არჩევნებზე. ვეთანხმები შარლ მიშელს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის, განსაკუთრებით სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.
5 ივლისის შემდეგ, საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას, ეს არის პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება, უმცირესობების დაცვა ძალადობისგან და დაშინებისგან; ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესრიგს; სასამართლო რეფორმა. ეს ის საკითხებია, სადაც იმედი მაქვს, რომ დაწყებული ხელისუფლებიდან, ყველასგან დავინახავ ევროპული, დასავლურ ფასეულობებისადმი ერთგულების ძლიერ ნიშნებს“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა.
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.