19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებები ზაფხულის დასვენების შემდეგ გაკეთდება. ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა განაცხადა.
„შეთახმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, საზოგადოება განსაკუთრებით ელოდა, რას იტყოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, თუმცა მან გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საკმაოდ მოზომილი იყო. როგორ შეაფასებთ მიშელის განცხადებას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროპის მხრიდან უფრო მკაცრი და მკაფიო განცხადებების დაფიქსირების დროა“, - მიმართა ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს.
„შარლ მიშელის პრესმდივანი არ გახლავართ, თუ შეიძლება, მივმართავ ჩემს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც შევიძინე ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ყოფნისას. სხვადასხვა ადამიანს შევხვდი და ეს მაძლევს საშუალებას, შესაბამისი განცხადებები გავაკეთო დღეს. არსებობს მიზეზები, რატომაც მიშელი არის ფრთხილი თავის განცხადებებში და მესმის რატომაც.
შეიძლება, მართალია, არ იყო ისეთი მკაცრი და ამბიციური, როგორსაც საქართველოში ბევრი ადამიანი ელოდა. ჩვენ ევროკავშირში გვყავს ძალიან აქტიურად ჩართული ჯგუფი. ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში. ზაფხულის დასვენების შემდეგ, იმედი გვაქვს, დავუბრუნდებით ამ სიტუაციას, ამის შემდეგ მოხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და სიტუაციის მეტად კონკრეტიზაცია. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, შარლ მიშელის განცხადებაზე დამატებით კომენტარებს ვერ გავაკეთებ“, - უპასუხა ვიოლა ფონ კრამონმა.
„ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას შემდეგ, პირველი განცხადება Twitter-ისა და ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შარლ მიშელმა და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების დაწყება დააანონსა.