ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა - საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინაორებს. არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას, არცერთი ოპოზიციური პარტია არ ღბულობს, 17 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

ესენია: №1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია ხვდებიან.

№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე.

№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო

№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი

№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი

№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი

№8 - გლდანი - №5 - ნიკანორ მელია, №41 - ლევან კობიაშვილი

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე

№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე

№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე

№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე

№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი

№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე;

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა.

"შეგახსენებთ, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში. ამასთან იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ არჩევნებს. მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს საარჩევნო უბანზე ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. შსს–ს ათობით სამართალდამცველის მობილიზება დასჭირდა იმისთვის, რომ ადგილზე პროტესტის გამოსახატად მისულ მოქალაქეს მასთან კონტაქტი არ ჰქონოდა. კერძოდ, უბანთან იმყოფებოდა კორტების საქმეზე დაკავებული ყოფილი სამართალდამცველის გიორგი ცააძის და. მას სურდა, ივანიშვილთან საკუთარი პროტესტი დაეფიქსირებინა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ჯერ უბნიდან გაიყვანეს, შემდეგ კი ტერიტორია დაატოვებინეს და უბანთან არ უშვებდნენ მანამ, სანამ ივანიშვილმა ხმა არ მისცა და ტერიტორია არ დატოვა.

„სახელმწიფო გაანადგურა ივანიშვილმა და ახლა იწყება მისი პროცესი. სტრასბურგში გაგზავნილი აქს ყალბი განაჩენები და ამით რვა წელიწადია სარგებლობს. 6 წელია, ჩემი ძმა ჰყავს დატყვევებული“,– განაცხადა ირინა ცააძემ.

2020 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისადმი პროტესტის ნიშნად, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, აქცია-პერფორმანსი გამართეს ოპოზიციის აქტივისტებმა.

„ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს“ - ამ სლოგანებით აქციის მონაწელეები ბიზნეს–ცენტრისკენ დაიძრნენ და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

არჩევნებს ბრიფინგით გამოეხმაურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის კანდიდატები ფარულად, აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.

"დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე. გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“, - განაცხადა კობახიძემ.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის გადაწყვეტილებით, საერთო ოპოზიციურ ფორმატში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, არც ერთი აქცია არ გაიმართება.

„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა პროტესტი მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ, საერთო აზრი წამოვიდა, რომ ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვაძლევთ თითქოს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ამ დღის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.