ღარიბაშვილი: ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, ეს კარგად უნდა შევისწავლოთ

„ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, წინასწარი ინფორმაციით, ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და უმოკლეს დროში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

ღარიბაშვილის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. მისივე თქმით, არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

„ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ. არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პენსიონერებისთვის საბანკო გადასახადებმა უნდა დაიკლოს.

„ასევე მინდა მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო, პარლამენტში გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, პენსიონერებს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, საუბარი გვქონდა, მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ.

შესაბამისი განკარგულება მე გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში, ბუნებრივია, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები იქნებიან ჩართულები. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120% შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ეხლა არის დაახლოებით 35 %, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.