ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, პარლამენტის შეუფერხებლად მუშაობისთვის ორივე მხრიდან კომპრომისებია საჭირო. განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დარჩენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით.
„საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას“, - ნათქვამის განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც პლურალისტურ პარლამენტს უწყობს ხელს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი ფუნქციონირება, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.