ჯანდაცვის მინისტრი ეპიდვითარებაზე: ეს ყველაზე ცუდი სცენარია

„ეს ყველაზე ცუდი სცენარია“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რა არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომლისთვისაც საზოგადოება უნდა მოემზადოს. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ გაიარა მოდელირების პროცესი და ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეგულაციები უნდა შესრულდეს ზედმიწევნით. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის: „სწორედ ამიტომ ვიყენებ ხშირად სიტყვას კეთილსინდისიერებას და კეთილგონიერებას, რომელიც არც ერთ წიგნში არ წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით, მისი მოპოვება არ შეიძლება. ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ეს არ არის რეკომენდაცია, მე მათ ვთხოვ, გამოიჩინონ კეთილგონიერება პირველი რიგში საკუთარი თავის მიმართ, რაც შემდეგ აისახება ქვეყანაში ეპიდვითარების დადებით დინამიკაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება რეგულაციებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ტალღის დაწყებიდან იყო კამათი, რომელი ტიპის რეგულაციაა უფრო ეფექტური და უფრო საჭირო, უფრო დროული.

„ნებისმიერი რეგულაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება. თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80-90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია