„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართულები მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართულებ მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. შესაბამისი განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგზე გააკეთა.

„თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შეიტანოს თავისი წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს პირველ რიგში, გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების განუხრელ დაცვაში გამოიხატება.

ამ ფონზე, მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თავისუფალი, კონკურენტული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კოვიდის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაცული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ასევე მივესალმებით „ცესკოს“ მზაობას, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე „კოვიდუსაფრთხო“ სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ცესკოს თანამშრომლების მაქსიმალური ტემპით ვაქცინაცია.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.

გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისვის, თვითმმართველობის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან გამართული შეხვედრის თემა. უწყებათა ხელმძღვანელებმა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა დასახეს და მისი განხორციელებისთვის ტაქტიკური ნაბიჯები განსაზღვრეს.