NDI-ის კვლევა: 68% ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის და სურსათის შეძენის საშუალება აქვს

ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა კვლავ მთავარი პრიორიტეტებია; ქვეყნის მმართველობის მიმართ ნდობა კლებულობს - ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები.

ორგანიზაციის შეფასებით, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისისა დაკორონავირუსის პანდემიის მიმდინარე შედეგების ფონზე, საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის მიმართულებისა და ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ. მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე - ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება. მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა დაფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უმრავლესობა (68 პროცენტი) ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს.

გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 პროცენტი) ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 პროცენტი). მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია. მოქალაქეების 42 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

„ქვეყნის მმართველობის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა ყველა პოლიტიკური ლიდერის, განსაკუთებით ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა. ამისათვის კი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების (როგორიცაა ეკონომიკა და ჯანდაცვა) გადაჭრის გზების მოძიებაა აუცილებელი“, - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.