იენს სტოლტენბერგმა და შარლ მიშელმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს და ბრიუსელში მიიწვიეს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრნენ, აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში მომავალ წელს უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტოლტენბერგმა ბაიდენს მადლობა გადაუხადა "ნატოსა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მხარდამჭერისთვის", მიშელმა კი მას „ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით მიმართა".

სატელეფონო საუბარს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და აცხადებს, რომ არჩეული პრეზიდენტი ბრიუსელში მომავალ წელს დაგეგმილ სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია.

„ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მომავალ წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე. ახლა დროა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და ისეთ საკითხებზე ვიმუშაოთ, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, უსაფრთხოება და მულტილატერალიზმი“, - წერს შარლ მიშელი.