გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19 ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. Unicef-მა ბოლო ასეთი შეხვედრა ახალციხეში მოაწყო, სადაც სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ნესტან დევნოსაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორი ერთ-ერთია, ვინც კოვიდვაქცინით აიცრა.
„მასწავლებლები აცრის წინააღმდეგები არ არიან. მეტიც, მჯერა, რომ ჩემი კოლექტივის ყველა წევრი აიცრება. უბრალოდ, გვაქვს რაღაც გაუაზრებელი შფოთი, კითხვები. ზოგს თანმდევი დაავადებები აქვს და არ იცის, შეიძლება თუ არა მისთვის აცრის გაკეთება. დღეს დავესწარით საინფორმაციო სესიას და ზუსტად ამ კითხვებს, ყველა კითხვას გასცეს პასუხი სპეციალისტებმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯგუფს. მე უკვე ჩამოვყალიბდი, რომ აუცილებლად უნდა გავიკეთო აცრა. ეს აუცილებელია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი შვილებისთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის და ჩემი სკოლის ყველა მოსწავლისთვის. პირბადის, დეზინფექციის და დისტანციის დაცვის გარეშე ვერც ახლა გაგრძელდება სასწავლო პროცესი, მაგრამ პედაგოგები რომ ავიცრებით, შედარებით უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს სკოლაში“, - განაცხადა ნესტან დეკანოიძემ.
უფრო ადრე, UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობდა რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კუთხით ორგანიზაციის როლზე.
ღასან ხალილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა COVID19-ის ვაქცინებზე მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად.
„პანდემია თითოელ ადამიანზე ახდენს გავლენას და იმუნიზაცია გადამწყვეტია მის დასამარცხებლად. აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს კვლავ ხელი მიუწვდებოდეთ განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ახლა მნიშვნელოვნადაა შეფერხებული. ვერავინ იქნება დაცული, ვიდრე ყველა დაცული არ იქნება.
UNICEF-ის წარმომადგენელი კოვდვაქცინით ახალციხეში აიცრა
Unicef-ი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული სტრატეგიის განხოციელებაში და ამ მიზნით ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში თუ სხვა სამიზნე ჯგუფებთან.
ჩვენ ვეწვიეთ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას, სადაც შევხვდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რელიგიურ ლიდერებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტის გასაცნობად.
შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც უპასუხეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და სწორი ინფორმაციის გავრცელება COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. ინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში სიცრუე უფრო ადვილად ვრცელდება და ართულებს ჯანდაცვის ზომების განხორიელებას, ქმნის დაბნეულობას, უნდობლობას და ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლეს. ეროვნული მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, სხვადასხვა საშუალებით გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას.
მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა რჩება და კიდევ უფრო ძლიერდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თემებთან რეგულარული კომუნიკაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება. რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ჩვენი ვიზიტებიც ამას ემსახურება. ვცდილობთ, უფრო დავუახლოვდეთ სხვადასხვა ჯგუფს, უფრო ყურადღებით მოვუსმინოთ მათ წუხილებს და ვუპასუხოთ დასმულ შეკითხვებს. საქართველოს მთავრობა ვაქცინის დანერგვის ეროვნულ პროგრამას ახორციელებს და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი თავის მიზანს მიაღწევს“, - აცხადებდა ღასან ხალილი Europetime-თან ინტერვიუში, რომელიც სააგენტომ ივნისში ჩაწერა.
ცნობისთვის, NDI-მ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევით, მოსახლეობის მიერ აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს.
13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი - არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება.
ამასთან, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებშია (47%).
მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45 % ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71%-ია.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა. კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს.
ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3