იუნისეფის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი: COVID19-ის ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განვაგრძობთ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას მსოფლიოს 190 ქვეყანასა და ტერიოტრიულ ერთეულში. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს „ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან“. შესაბამისად, UNICEF-ი მიზნის განხორციელების გზაზე არსებულ გამოწვევებზეც ხშირად მიუთითებს. დღეს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საჭიროა ოჯახის მხარდამჭერი ძლიერი სერვისები იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ოჯახური გარემო და ოჯახისგან განცალკევება კი თავიდან აცილებული. „ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება იმის ხელახლა გააზრება, როგორ დავეხმაროთ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად“.

როგორც ცნობილია, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მსოფლიოში ვაქცინის ყველაზე მსხვილი მყიდველია და ყოველწლიურად დაახლოებით 100 ქვეყნისთვის 2 მილიარდზე მეტ ვაქცინას შეისყიდის რუტინული იმუნიზაციისა და დაავადებების გავრცელების საპასუხოდ. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდი კოორდინაციას უწევს და მთავრობებს ეხმარება COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის, საერთაშორისო გადაზიდვის და ქვეყანაში ვაქცინების გადანაწილების პროცესში.

ვაქცინის ახალი დოზების მიღების რა ეტაპზეა საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს როგორ აფასებს UNICEF-ი, რომელიც რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიაში თავად არის ჩართული. როგორ ხედავს კოვიდპანდემიის შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართვის რისკების თავიდან აცილების გზებს და რას ფიქრობს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის გამოწვევებზე, ამ საკითხებზე Europetime-თან ექსლუზიურ ინტერვიუში UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი საუბრობს.

_ბავშვთა დაცვის დღეს საქართველოში რა იქნება იუნისეფის გზავნილი?

ბავშვთა დაცვის დღეს იუნისეფი მთავრობას და ბიზნეს ორგანიზაციებს მოუწოდებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ და უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საჭიროებებზე მორგებული, ჰოლისტური საზოგადოებრივი პროგრამები და სერვისები მშობლებისთვის, რათა ხელი შეუწყონ მშობლებსა და მომვლელებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ოჯახებში.

ოჯახების მხარდაჭერის სერვისები არსებითია ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ დონეზე. ბავშვთა უფლებების კოდექსი ხაზს უსვამს ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. ოჯახების მხარდაჭერის ძლიერი სერვისები საჭიროა თითოეული ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველსაყოფად და ოჯახიდან ბავშვის მოცილების თავიდან ასარიდებლად. სოციალური უზრუნველყოფის მუშაკების არსებობა ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი სოციალური სერვისის მისაღებად.

მშობლობა ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია ამქვეყნად. COVID-19 და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგები დამატებითი სტრესის წყარო აღმოჩნდა მშობლებისთვის, გამძაფრდა ოჯახებში მანამდე არსებული დაუცველობა და გასაჭირი. ერთ წელზე მეტია, პანდემიის პირობებში ვიმყოფებით და მშობლებს და მომვლელებს, ხშირ შემთხვევაში, მზარდი სიღარიბის ფონზე, კვლავ უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლა გააგრძელონ და ოჯახებმა ფუნქციონირება. ახლა, როგორც არასდროს, ოჯახებს და მშობლებს სჭირდებათ ისეთი დახმარება, რომ ჰქონდეთ დრო, რესურსები და ხელი მიუწვდებოდეთ სერვისებზე ბავშვებისთვის უკეთესი ცხოვრების დასაწყისის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირთან ერთად ჩვენ ხელს შევუწყობთ მშობლებსა და ბავშვებს პოზიტიური მშობლობის წახალისებასა და აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაში.

პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, იუნისეფი ევროკავშირთან ერთად საერთო პროექტის ფარგლებში - „სისტემებისა და სერვისების გაძლიერება ბავშვთა დაცვისთვის საქართველოში“ - ატარებს „მშობლის კვირას.“ ამ კამპანიაში ჩაერთვებიან მშობლები, მომვლელები, პროფესიონალები და ბავშვები, რათა იფიქრონ პოზიტიური აღზრდისადმი გონივრულ მიდგომასა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, რაც პოზიტიური კომუნიკაციითა და პატივისცემით მიიღწევა. ეს კვირეული მოიცავს ონლაინ ვებინარებს, პირად შეხვედრებს და კამპანიებს სოციალურ მედიაში.

_იუნისეფის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომის რისკები გაიზარდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. უფრო კონკრეტულად, რა პრობლემები გამოავლინა ამ კვლევამ და როგორ წარმოგიდგენიათ მათი გადაჭრა?

ბავშვთა უფლებების კონვენცია აღიარებს თითოეული ბავშვის უფლებას, „დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ან დაბრკოლებას უქმნიდეს განათლების მიღებაში,“ ან საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას, „ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ ან სოციალურ განვითარებას.“

ბავშვთა შრომის მიზეზებისა და მათი ურთიერთკავშირის გააზრება არის ის ძირითადი წანამძღვარი, რასაც ეფუძნება იუნისეფის ხედვა ამ პრობლემის პრევენციისა და მასზე რეაგირების თვალსაზრისით. ბავშვთა შრომა მეტწილად უკავშირდება სიღარიბითა და ხელმოკლეობით გამოწვეულ დაუცველობას. ამდენად, ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად საჭიროა ამ საფრთხეების შემცირება, ეკონომიკური წნეხის შემსუბუქება და სოციალური დაცვითა და ადეკვატური რეგულარული შემოსავლით ოჯახების უზრუნველყოფა. იუნისეფი და ბავშვთა დაცვის სხვა აქტორები მცირემასშტაბიანი, კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტებიდან ინაცვლებენ სისტემურ მიდგომაზე, სადაც დიდი როლი ენიჭება პრევენციას.

სისტემური მიდგომა ხელს უწობს უფრო სისტემური პოლიტიკის განვითარებას და დაგეგმვას, სადაც გათვალისწინებულია ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება, როგორც ერთი მთლიანობა. სიღარიბის შემცირების, სოციალური უზრუნველყოფის, სასამართლოს, შრომის და განათლების პოლიტიკათა უკეთესი კოორდინაცია უზრუნველყოფს ხარჯების ეფექტურობას და ქმედითობას.

შარშან იუნისეფის მხარდაჭერით სახალხო დამცველის ოფისმა გამოსცა სპეციალური ანგარიში - ბავშვთა შრომა ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა, რომელშიც გაანალიზებულია პანდემიის გავლენა ბავშვთა შრომაზე, ასევე საკანონმდებლო ხარვეზები და პრაქტიკაში იდენტიფიცირებული პრობლემები. კვლევამ დაადგინა:

· რეგიონებში მიღებული პრაქტიკაა მოზარდების ჩართვა საოჯახო საქმეებსა და სეზონურ სამუშაოში.

· საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა შრომითი მიგრაციაც, მათ შორის, საზღვარგარეთ, სადაც ბავშვები მძიმე შრომას ეწევიან შეუფერებელ პირობებში და მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.

· შრომაში ჩართვის გამო ბავშვები სისტემატურად აცდენენ ან თავს ანებებენ სკოლას. მათი გაცდენები და ამ გაცდენების მიზეზები რიგ შეთხვევებში არ აღირიცხება, რის გამოც ბავშვთა შრომის ფაქტები სრულყოფილად არ არის აღნუსხული და, ამდენად, რეაგირების გარეშე რჩება.

· საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია ბავშვთა შრომითი უფლებებისა და საზიანო შრომისგან ბავშვთა დაცვის შესახებ. საზოგადობა, რიგ შემთხვევებში, ტოლერანტულია მსგავსი ფაქტების მიმართ.

· ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებების იდენტიფიცირება კვლავ პრობლემად რჩება რესურსებისა და კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობის გამო.

კვლევაში წარმოდენილია ასევე კონკრეტული რეკომენდაციები. საქართველომ რატიფიკაცია გაუკეთა ბავშვთა უფლებების კონვენციას და მრავალ სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლებიც განსაზღვრავს მთავრობის პასუხისმგებლობას, თითოეული ბავშვი დაიცვას სახიფათო შრომისგან. საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა, ითვალისწინებს ბავშთა დაცვას საზიანო შრომისგან და კონკრეტული მექანიზმების განვითარებას ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

_Unicef-ი ეხმარება საქართველოს მთავრობას COVAX პლატფორმის მეშვეობით ვაქცინების მოპოვებასა და შემოტანაში. როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს და რა მოლოდინი გაქვთ ახალი დოზების მიღებასთან დაკავშირებით?

იუნისეფი საქართველოს მთავრობას ეხმარება იმუნიზაციის რუტინული პროგრამების განხორციელებაში და ასევე მზადაა, მთავრობის თხოვნის შესაბამისად, დაეხმაროს მას COVID-19-ის ვაქცინის თაობაზე COVAX-თან კომუნიკაციაში.

იუნისეფი COVAX-ის პლატფორმის ნაწილია. პლატფორმის მიზანია, დააჩქაროს COVID-19-ის ვაქცინების განვითარება და წარმოება, მკურნალობა და დიაგნოსტიკა, ასევე უზრუნველყოს COVID-19-ის ვაქცინების თანაბარი და სამართლიანი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.

იუნისეფი, როგორც ვაქცინების უმსხვილესი შემსყიდველი მსოფლიოში, რომელიც თითქმის 100 ქვეყანას წელიწადში 2 მილიარდზე მეტი დოზით ამარაგებს რუტინული იმუნიზაციის მიზნითა თუ სხვადასხვა ვირუსული აფეთქების შესაჩერებლად, კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს COVAX-თვის COVID-19-ის ვაქცინების მოპოვებას, საერთაშორისო ტრანსპორტირებას და ადგილზე განაწილებას.

ჩვენ ასევე მრავალი წელია, ვავრცელებთ მარტივ, სასარგებლო და ზუსტ ინფორმაციას ვაქცინების თაობაზე საზოგადოებაში ცოდნისა და ნდობის ასამაღლებლად. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივი თემების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ამისთვის ვაძლიერებთ იმუნიზაციის პროგრამების მხარდაჭერას და ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალთან, რელიგიურ ლიდერებთან, მასწავლებლებთან და საზოგადოებრივად გავლენიან ადამიანებთან სწორი ინფორმაციის გასაზიარებლად, როგორც ვაქცინაციის კამპანიის დაწყებამდე, ისე მიმდინარეობისას და მის შემდეგ.

როგორც კი მთავრობამ იუნისეფს მიმართა დახმარების თხოვნით, დავიწყეთ COVAX-თან მუშაობა საქართველოსთვის COVID-19-ის ვაქცინების მოსაპოვებლად და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას ვაქცინის დანერგვის გეგმის განხორციელებაში.

_იუნისეფი აქტიურად მუშაობს რეგიონებში ცნობიერების ამაღლებისთვის. რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მათი დამოკიდებულებისა და, ზოგადად, ვაცქინაციის პროცესის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაცია?

პანდემია თითოელ ადამიანზე ახდენს გავლენას და იმუნიზაცია გადამწყვეტია მის დასამარცხებლად. აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს კვლავ ხელი მიუწვდებოდეთ განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ახლა მნიშვნელოვნადაა შეფერხებული. ვერავინ იქნება დაცული, ვიდრე ყველა დაცული არ იქნება.

იუნისეფი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული სტრატეგიის განხოციელებაში და ამ მიზნით ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში თუ სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ჩვენ ვეწვიეთ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას, სადაც შევხვდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რელიგიურ ლიდერებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტის გასაცნობად. შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც უპასუხეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და სწორი ინფორმაციის გავრცელება COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. ინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში სიცრუე უფრო ადვილად ვრცელდება და ართულებს ჯანდაცვის ზომების განხორიელებას, ქმნის დაბნეულობას, უნდობლობას და ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლეს. ეროვნული მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, სხვადასხვა საშუალებით გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას.

მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა რჩება და კიდევ უფრო ძლიერდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თემებთან რეგულარული კომუნიკაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება. რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ჩვენი ვიზიტებიც ამას ემსახურება. ვცდილობთ, უფრო დავუახლოვდეთ სხვადასხვა ჯგუფს, უფრო ყურადღებით მოვუსმინოთ მათ წუხილებს და ვუპასუხოთ დასმულ შეკითხვებს. საქართველოს მთავრობა ვაქცინის დანერგვის ეროვნულ პროგრამას ახორციელებს და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი თავის მიზანს მიაღწევს.