Europetime-მა სტატიაში შეკრიბა ინფორმაცია მსოფლიოს რელიგიური ლიდერების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დასახელების ვაქცინით აიცრნენ. ისინიც სხვებსაც მოუწოდებენ აცრისკენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პანდემიის დამარცხება ვაქცინაციის გარეშე წარმოუდგენელია.
„ვაქცინაცია არამხოლოდ აუცილებლობით ან არჩევანით, არამედ კაცობრიობის მიმართ პასუხისმგებლობის განცდით არის განპირობებული“, - ასე მოუწოდა ვაქცინაციისკენ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საჯაროდ აცრის შემდეგ. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის უმეტესობა აიცრება, რაც მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს.
ვაქცინაციისკენ მოუწოდა მოსახლეობას ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამამაც. ის ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა რომის პაპმა ფრანცისკემ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა. 9 იანვარს პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ.
მას ასევე შეუერთდა წინამორბედი პაპი ბენედიქტე XVI. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთება არის ეთიკური საქციელი, რადგანაც ამ გზით არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების სიცოცხლესაც ვიცავთ.
ირანში დამზადებული ვაქცინით აიცრა ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი.
„ბარექათის ვაქცინა“ ირანული ფარმაცევტული კომპანია „შიფაფარმედის“ მიერ არის წარმოებული.
ირანმა მასობრივი ვაქცინაცია თებერვალშვი რუსული ვაქცინით დაიწყო.
კორონავირუსის საწინაარმდეგო აცრა გაიკეთა რუსეთის პატრიარქმა კირილმაც. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა.