CNN-ი: ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

CNN-ის ინფორმაციით, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, აბდულ სათარ მირზაქვალის განცხადებით, ქაბულზე შეტევა არ განხორციელდება და გარდამავალი ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა იგეგმება. მისი თქმით, ამჟამად მთავრობასა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ საგანგებო შეხვედრა გამართა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან და NATO-ს ოფიციალურ პირებთან.

„თალიბანის“ განცხადებით, დედაქალაქის ძალის გამოყენებით აღებას არ გეგმავენ. დაჯგუფების წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, დაჯგუფების ყველა მებრძოლს ნაბრძანები აქვს დედაქალაქის შესასვლელებთან მზადყოფნაში ყოფნა, ვიდრე ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არ მოხდება.

გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ქაბულის მცხოვრებლების სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ.

ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.

ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება