The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალში. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. აეროპორტში ათასობით ავღანელი შეიკრიბა იმ იმედით, რომ მიიღებდნენ საევაკუაციო რეისს „თალიბების“ მიერ ქაბულის აღების შემდეგ.

აშშ-მ საელჩოდან საკუთარი პერსონალის გაყვანის ოპერაცია დაასრულა. პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ დამატებით 1000 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და ჯარისკაცების რიცხვი სულ 6000-მდე გაიზარდა.

ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ

ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურისგან მოისმინა ინფორმაცია ავღანეთში შექმნილი ვითარების შესახებ.

„თალიბანის“ პრესსპიკერმა მუჰამედ ნაიმიმ განაცხადა, რომ ომი დასრულდა: „დღეს დიდი დღეა ავღანელი ხალხისთვის და მოჯაჰედებისთვის. მათ დაინახეს იმის ნაყოფი, რასაც 20 წლის განმავლობაში ეწირებოდნენ“.

ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა.

მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა.

დაჯგუფება ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს. დაიკავა ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც უზბეკეთიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ „თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის „ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.

„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან.

პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

ამავე თემაზე: AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს